ქვეყნის ურბანულ განახლებას 500 მლნ ლარი მოხმარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქვეყნის ურბანული განახლების პროექტის დაწყება დააანონსა. მთავრობამ პროექტი დაამტკიცა და მისი განხორციელება ივნისიდან დაიწყება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, პროექტი 4 წლიანია და 500 მლნ ლარიც სწორედ რამდენიმე წელზე გადანაწილდება.

ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით,  პროექტისთვის მთავრობა ახალ ვალს არ აიღებს.

"ახალ ვალზე საუბარი არ არის. ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ დაფინანსებაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ არის მოძიებული, რესურსების გამოთავისუფლების კუთხით, მათ შორის საკუთარი რესურსების გამოთავისუფლების მხრივ, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში ისე სხვა მხრიდან“, - განაცხადა ქარსელაძემ და დასძინა, რომ 500 მლნ ლარის ათვისება 2021 წელს სრულად არ მოხდება და ზოგადად ქვეყანაში „თავისუფალი რესურსი არ არსებობს. 

63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.