რა არის FDI გრანტი

მთავრობამ ინვესტიციების მოსაზიდად პოლიტიკა შეცვალა და ახალი ხელსაწყო FDI გრანტი დანერგა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ ინვესტორები საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში სახელმწიფოსგან 300 000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე გრანტს მიიღებენ.

„ცოტა ხნის წინ ჩვენ დავნერგეთ FDI გრანტი - ახალი ხელსაწყო ინვესტიციების მოზიდვისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ინვესტორი ჩამოდის და დებს X რაოდენობის თანხას და ასაქმებს X რაოდენობის ადამიანს, ის 300 000 ლარიდან 1 მილიონ ლარამდე იღებს სახელმწიფოსგან გრანტს, რომელსაც ხარჯავს კონკრეტული მიზნობრიობით. მაგალითად, მუშა-ხელის გადამზადებისა და მსუბუქი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის,“ - განმარტავს ხიდურელი.

შეგახსენებთ, მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.