რა ეტაპზეა ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10კმ-იანი გზის რეაბილიტაცია გრძელდება. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა, გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი, რომელზეც გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები მოეწყობა.

ამასთან, იგეგმება საპარკინგე ადგილებისა და გადასახედების მოწყობა.

გზის სრული რეაბილიტაცია 5.9 მილიონი ლარი ჯდება და საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან აფინანსებს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს

„ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო ტურისტები ისარგებლებენ გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურით,“ - აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პროექტი მარტში დაიწყო და, გეგმის მიხედვით, გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია დაწყებიდან 14 თვის ვადაში, ანუ, მომავალი წლის მაისისთვის უნდა დასრულდეს.