რას უკავშირდება ენერგორესურსებზე მოთხოვნის კლება

ენერგო რესურსებზე მოთხოვნის შემცირებას ენერგეტიკოსი გია არაბიძე ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შემცირებას უკავშირებს.  GALT&TAGGART-ის  ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შეფასებისას მან აღნიშნა, რომ ანალოგიური პროცესი შეინიშნება ყველგან, სადაც კი ეკონომიკა რეგრესს განიცდის.

,,ელექტროენერგიაზე მოთხოვნის კლება მნიშვნელოვნად უკავშირდება ტურიზმში არსებულ პრობლემას, რადგან მოთხოვნა, კლასიკური გაგებით, უშუალოდტურიზმზეა მიბმული. აღსანიშნავია, რომ ენერგორესურსებიდან მხოლოდ დენის მოხმარება არ მცირდება, შემცირებაა ნავთობისა და აგზის სეგმენტშიც, რაც ეკონომიკურმა ვარდნამ განაპირობა. ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება დიდი პრობლემაა ყველა დარგისთვის და ლოგიკურია, რომ მისი გავლენა ენერგეტიკაზეც ნეგატიურად აისახება. რა მაჩვენებლითაც ხდება ეკონომიკაში ვარდნა, იმავე ტემპით მცირდება ენერგორესურსებზე მოთხოვნა. ერთადერთი ვარიანტი, რაც მოხმარებას გაზრდის, ნოემბერში ზამთრის პირობებში გამოწვეული ცვლილებაა, რასაც ტრადიციულად აქვს ადგილი და ტენდენცია გაგრძელდება. ამასთან, როგორც კი რაღაცნაირად ეკონომიკა ამოიქოქება და ვარდნის პროცესი შემცირდება, მოთხოვნა მოიმატებს. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, თურქეთმა 4 მილიარდ კუბ/მ-მდე  ჩამოიყვანა გაზზე მოთხოვნა, როცა 12 მლრდ კუბ/მ-ს აღწევდა. ასე ხდება ყველგან,ეკონომიკა რეგრესშია", - ამბობს გია არაბიძე.

GALT&TAGGART-ის დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში ჰიდროგენერაცია წლიურად 8.8%-ით შემცირდა, ძირითადად რეგულირებული ელექტროსადგურების ხარჯზე. კლება ფიქსირდება ექსპორტშიც, კერძოდ, ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32.0%-ით ჩამორჩება.