როგორ ებრძვის კორუფციას საქართველო

კორუფციის დონის შეფასებისას ქართველი სპეციალისტების და საერთაშორისო გლობალური ორგანიზაციების შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია. თუკი საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, ქვეყანა კორუფციის რისკისგან თავისუფალად მიიჩნევა, ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, რეალობა საპირისპიროა და საქართველოში კორუფცია როგორც ელიტურ, ასევე ქვედა რგოლებზეც მოდებულია და არავინ იბრძვის, რომ კორუფცია საბოლოოდ დამარცხდეს. 

გია ხუხაშვილის შეფასებით, მდგომარეობა ამ მხრივ ბევრად უარესია, ვიდრე წინა წლების განმავლობაში იყო.

,,საქართველოში კორუფციული რისკები ლამის ყოველდღიურად მატულობს. ფაქტია, რომ  გლობალურ ინდექსებს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს მინიჭებული, რეალურ ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში თუკი კორუფცია ელიტურ დონეზე იყო ანუ ერთ სალაროზე მუშაობდა, ახლა ასეთი სალარო ბევრია, ქვედა დონეებზე წამოვიდა და ესაა პრობლემა. ერთია კონტროლირებადი კორუფცია, რაც ცუდია, მაგრამ ადვილად მოსავლელი, თუ პოლიტიკური ნება იქნება, მეორეა - სისტემური კორუფცია, რომლის დამარცხება ძალიან რთულია, იგივეა, როგორიც ავთვისებიანი დაავადება - სანამ ლოკალიზებულია, მისი მკურნალობა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მთელ სხეულს თუ მოედება, მერე ძალიან რთულია მასთან გამკლავება, დაახლოებით ამ პროცესში ვართ დღეს კორუფციასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ კორუფცია გაზრდილია ქვეყანაში და ეს არის ფულის გათეთრების გარკვეული მცდელობაც, რის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ფინანსური მენეჯმენტის მოვალეობა არ არის, სხვა სამსახურებმაც უნდა იმუშაონ ეფექტურად, მათ შორის, აუდიტმა, პროკურატურამ, ანტიკორუფციუმა სამსახურმა და სხვა. ხშირ შემთხვევაში, ქვედა რგოლში ებრძვიან კორუფციას, როცა სახელმწიფო სინამდვილეში ელიტარულმა კორუფციამ წალეკა. აქ ბრძოლა აშკარად არ იგრძნობა", - აცხადებს report.ge-თან გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის  შეფასებით, Trace Matrix-ის აქვს ქვერეიტინგი, სადაც საქართველო არის პირველ ადგილზე ყველაზე ნაკლებად საჭიროებაში, რომ სახელმწიფოსთან გქონდეს ინტერაქცია, რაც აუცილებლად დადებითად "გადაითარგმნება" ბიზსნესსა და ეკონომიკაში და მოიტანს ინვესტიციებს.