რთველი-2020 პიკურ ფაზაში შედის

„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის," - ამის შეასხებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრი რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს ადგილზე გაეცნო.

"კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული. დღე-ღამეში ასეთი ოდენობის ყურძნის გადამუშავება ნიშნავს რამდენიმე ათასი დატვირთული სატვირთო მანქანის მიღებას. ეს საკმაოდ მასშტაბური პროცესია, რომელსაც სჭირდება კარგი კოორდინაცია და კონტროლი, რისთვისაც სამინისტროს ყველა შესაბამისი რგოლი რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობს. შეფერხება, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ყველა მევენახე ახერხებს, 12 საათის განმავლობაში ყურძნის ჩაბარებას; წლების წინ, მათ ორი-სამი დღე უწევდათ რიგში დგომა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის სექტორს დაუდგა პანდემიის პირობებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა ყურძენი უპრობლემოდ ჩააბარონ და მიიღონ ანაზღაურება. 2020 წელსაც რთველი წარმატებით ჩატარდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი ესწრებოდა. როგორც ირაკლი შიოშვილმა აღნიშნა, შტაბის წევრები ორგანიზებულად არეგულირებენ ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადებს; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად ხდება მათი გადამისამართება სხვადასხვა საწარმოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 21 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი; ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-ზე მეტი ღვინის საწარმო.