საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ტვირთი სპეციალური პროტოკოლით იმოძრავებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (მათ შორის სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო და სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვები) 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს," -  ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის მხრიდან შემოღებული ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი – „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“ და „მტკვარი“ ფიზიკური პირებისა (როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება.