საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში უკვე დაგეგმილია. ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეწარმეთა (დამსაქმებელთა) ეროვნული კონფედერაციის პრეზიდენტ მამედ მუსაევთან შეხვედრაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამმხრივ ფორმატში - აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს ბიზნეს კავშირების გაგრძელების მნიშვნელობას და გადაწყდა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ბიზნეს ფორუმი უახლოეს მომავალში გაიმართება. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვიზიტს 18-19 თებერვალს გეგმავდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თუმცა დაგეგმილი შეხვედრები მთავრობის გადადგომის გამო გადაიდო. შეხვედრები დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე. ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად უნდა შეხვედროდა მის თურქ კოლეგასაც.