საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. სპეციალისტები მიზეზად დონორებისაგან გამოყოფილი დახმარებების მობილიზებას ასახელებენ.

1 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანა 3.93 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობს, ზრდა ბოლო 1 თვეში 91.6 მლნ დოლარია. წლიურად 235.1 მლნ-ს აღემატება (+ 6.3%)

გაზრდილია უცხოური ვალუტის რეზერვებიც - 3.73 მლრდ დოლარამდე. სესხების სპეციალური უფლებები (SDR) კი შემცირებულია 199.9 მლნ-მდე.

გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, რეზერვების ნაწილს ეროვნული ბანკი ლარის კურსის მხარდასაჭერად გამოიყენებს. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი.

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე $329,65 მლნ გაყიდა.

ბოლო ინტერვენცია სებ-მა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს განახორციელა, როცა სავალუტო ბაზარს 40 000 000 აშშ დოლარი მიაწოდა. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0688 შეადგინა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მე-11 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 329 650 000 დოლარი გაყიდა.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0890 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.6429 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(12:50 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0950 ლარად ივაჭრება.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.