საქართველოს ვაქცინაციის ბიუჯეტი 170 მილიონ ლარს უტოლდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას მოსახლეობის 60%. მისივე განმარტებით, ვაქცინაციის ბიუჯეტი დაახლოებით 65 მილიონიდან 170 მილიონ ლარამდე მერყეობს.

„ჩვენი გეგმა გათვლილია ისე, რომ უნდა აიცრას 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%. იმისთვის, რომ ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი შეიქმნას და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, სწორედ მოსახლეობის 60% უნდა აიცრას“, - განმარტა ამირან გამყრელძემ და დასძინა, რომ  საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც იქნება დადასტურებული მარეგურებლების მიერ და განთავსდება კოვაქს-პლატფორმაზე.

საქართველოს კოვაქს-პლატფორმაზე ვაქცინის ღირებულების 25% უკვე გადახდილი აქვს.

„გადახდილი გაქვს ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინების ღირებულების 25%, ეს არის 4 მლნ დოლარი და ჩვენ ვაქცინას ვიღებთ კოვაქსის პლატფორმიდან. გვაქვს ოფიციალური მიმოწერა და ექსპერტების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ ჩუქნის და საქართველოს მთავრობა ცრუობს, როცა ამბობს, რომ თანხას იხდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში პირველი ვაქცინის - Pfizer-ის შემოტანა Covax პლატფორმასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, დღეისთვის საქართველოს 700 000 მოქალაქისთვის ვაქცინის 1.4 მლნ დოზა აქვს შეძენილი, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.

ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად მზაობას ოფიციალური განაცხადით 18 იანვარს დააფიქსირებს.