ლომჯარია: მზად ვართ ჩავერთოთ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში

არსებობს გარკვეული შიშები, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად არ ტარდება, ამიტომ მინდა ოჯახს დახმარება შევთავაზო, - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს დახმარებას სთავაზობს.

ნინო ლომჯარიას თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს საგამოძიებო სამუშაოები დროულად ვერ ჩატარდა, რის გამოც, გამოძიება ხარვეზებით წარიმართა, მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი პროცესებში ჩართვის მზაობას გამოთქვამს.

„მაქვს გარკვეული შიშები, რამდენად ეფექტურად წარიმართება და დროულად ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა, რომ ამ ტიპის საქმეებზე ჩატარდეს, რაც ვერ ჩატარდა ხორავას ქუჩის საქმეზე, რის გამოც ხარვეზებით წარიმართა გამოძიება. მინდა დახმარება შევთავაზო დაზარალებულ ოჯახს. თუ მათ აქვთ განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება ან დროში ჭიანურდება. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში. მოვთხოვთ პროკურატურას, რომ მოგვცეს დაშვება საქმის მასალებზე და დავეხმაროთ მათი საპროცესო უფლებების რეალიზაციის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.