ხვალ ადვოკატები გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ

შეუცვლის თუ არა სასამართლო გიორგი რურუას მის მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას, ხვალ გახდება ცნობილი. 

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის სასამართლო სხდომა 18 მაისს, 10:00 საათზეა დანიშნული. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.  

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი,რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.