მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ექსპრეზიდენტმა სასამართლოზე ისარგებლა სიტყვის უფლებით და განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც მან სასამართლოს დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

7 ნოემბრის საქმის არსებით განხილვა ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის გარეშე გრძელდება.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხდომის გადადება.

მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვიტა, განხილვა მის გარეშე გააგრძელოს. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა 17:00 საათამდე გაგრძელდება.

„გვაქვს გარკვეული შუამდგომლობები, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სამსჯელოა. მე დღეს არ მქონდა მოლოდინი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამდენი საათის განმავლობაში მისცემდა ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობას, რომ პროცესზე მონაწილეობა მიეღო და ამხელა სიტყვით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. თუ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, გადავდოთ პროცესი, თუ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ და მზად ვართ წარმოვადგინოთ შუამდგომლობები“, - მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება მოსამართლეთა კოლეგიის კითხვას შუამდგომლობებთან დაკავშირებით, სააკაშვილმა დარბაზის დატოვებამდე აღნიშნა, რომ ის ადვოკატების პოზიციას დაეთანხმება.