დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.

პროცესი 11:30 საათზეა ჩანიშნული.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარეს პროცესებზე ძირითადად ისეთი მოწმეები მოჰყავს, ვინც ირაკლი ოქრუაშვილთან შემხებლობაში არ არიან და უბრალოდ იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

“დაახლოებით 15-20 პროცესი ჩატარდა. მოვუსმინეთ დაახლოებით 20-მდე მოწმეს, რომელიც შემხებლობაში არ იყო ოქრუაშვილთან შესაბამისად დიდი სხვაობა სახელებს შორის ვის დაკითხავენ მნიშვნელობა არ აქვს და არც გვიკითხავს ბრალდების მხარისთვის, მოწმეთა სიაში პოლიციელები არიან სხვა არავინ ჰყავთ",- განაცხადა წინა სხდომაზე ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

10 ივნისს გამართულ პროცესს ბრალდებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი არ ესწრებოდა, უცნობია დაესწრება თუ არა დღევანდელ სასამართლო სხდომას ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.