"ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს" - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განცხადებას ავრცელებს. 

უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილია უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესი. პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე სხდომის პარალელურად, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება" - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი იწყება. 

ხმაური და დაპირისპირებაა სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე, მათ დღეს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლება არ ეძლევათ. აქტივისტები სასამართლოს ღობესა და დაცვის სამსახურის ჯიხურზე განთავსდა რასაც სამართალდამცეველებთან დაპირისპირება მოჰყვა. მათ ჩამოსაყვანად პოლიციამ ე.წ წიწაკის სპრეიც გამოიყენა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ისინი დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.