დავით ზალკალიანი: შეშფოთებული ვართ ერაყში ძალადობით

„შეშფოთებული ვართ ერაყში ესკალაციითა და ძალადობით. ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ თავდასხმას. დიპლომატიური მისიები უსაფრთხოება და დაცვა ვენის კონვენციის შესაბამისად უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბაღდადში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბაღდადში მდებარე აშშ-ის დიპლომატიური კორპუსი, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს.

აქციის მონაწილეები აშშ-ის მიერ ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშს აპროტესტედნენ, რომლის შედეგადაც ირანის მხარდაჭერით მოქმედი 25 მებრძოლი გარდაიცვალა.

ირანის მხარდაჭერით მოსარგებლე სწორედ ამ დაჯგუფებას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა კირკუკში განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.