სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადაეცა

10 ივლისს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

"საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

შეხვედრის დროს, დავით ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გადარჩენისთვის, ოქტომბერში, ფრონტის წინა ხაზზე იქნება.

ამასთან, სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურია.