სააკაშვილს კლინიკაში ვერტმფრენით გადავიყვანთ - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება. 

მინისტრი მადლობას უხდის უწყებას და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონიძიებები გატარდება.

„სუსის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, საუბარია შესაძლო მძიმე დანაშაულზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისთვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ბოლო დღეებში მიმართავენ ამორალურ მანიპულაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

„დღეს ის განცხადებებიც ვიხილეთ, თითქოს ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული პატიმრის სიცოცხლე და თუკი ვინმე „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს ხმას, ის პატიმრის მკვლელობის თანამონაწილეა. ესაა ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ტყუილი, ამორალური საქციელი და ამომრჩეველზე პირდაპირ ძალადობა. ეს ძალადობა ძალიან მალე დასრულდება. ეს დასრულდება ხვალ და ბუნებრივია ამ ქვეყანაში არასოდეს მიეცემა გასაქანი მსგავსი ტიპის ქმედებებს და ზოგადად, მოსახლეობის შეურაცხყოფას. მსგავსი მანიპულაციები მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას.

როგორც სუსში- განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო საქმის ფიგურანტებმა უარი თქვეს დაკითხვაზე, რის გამოც ისინი სასამართლოში, კანონმდებლობის შესაბამისად გამოიკითხებიან.

სუს-მა აუდიომტკიცებულებაც წარმოადგინა, რომელიც მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერეს. ჩანაწერი 2 საათიანია და ის სისხლის სამართლის საქმეს თან აქვს დართული.

ლილუაშვილის უწყების წარმომადგენლის თქმით, საუბარი მიმდინარეობს ენმ-ს წევრებს შორის, რომელთანაგან ერთ-ერთი ბესო წერედიანია; ვინ არიან საქმის სხვა ფიგურანტები, ლილუაშვილის უწყებაში არ დააკონკრეტეს.

უწყების ბრიფინგზე აღნიშნული ჩანაწერის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი გასაჯაროვდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.