,,შენობის ქვემოთ ახალგაზრდები ერთმანეთს ურტყამენ და აგინებენ" - ირაკლი კუპრაძე

„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე მის თანაგუნდელებზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

,,ოცნებამ" ეს ბანერი გადმოკიდა შუა ბათუმში.

ბანერზე ნახევრად შიშველი და სისხლში ამოსვრილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან გამოსახული

პოლიცია დგას და უყურებს! ზედამხედველობის სამსახური არ არსებობს. ეს შენობა დეპუტატის და ,,ოცნების" ბათუმის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მანველიძის კორპუსია. ეს რომ სხვას გაეკეთებინა ჯარიმებით გატენიდნენ.

შენობის ქვემოთ ორი მხარის ახალგაზრდები დგანან ახლა, ერთმანეთს ურტყამენ და აგინებენ. ეს უნდა შეწყდეს როგორმე, ეს გახლეჩა და ახალგაზრდების შეპირისპირება უნდა დასრულდეს.

ეს როგორ მოახერხა ივანიშვილმა, ასე რომ დაგვიმახინჯა ცნობიერება და ზღვარი წაგვიშალა ყველა მხარეს", - წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბათუმში, "ლელოს" შტაბის წევრებზე, ალექსანდრე მილორავასა და მიშო ქავთარაძეზე, თავდასხმა მოხდა. 

როგორც "ლელოს" წევრები აცხადებენ, თავდასხმაში ბათუმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ბადრი მანველიძის შვილი და ძმისშვილი მონაწილეობდნენ. მანველიძე აგრეთვე ,,ქართული ოცნების' შტაბის წევრია.

თავდასხმა ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან მოხდა. მილორავა და ქავთარაძე ამჟამად საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.