არჩილ თალაკვაძე საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავს ეხმაურება

"მჯერა, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს!", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძის მიმართვაშია ნათქვამი. 

ის Facebook-ის საშუალებით საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავს გამოეხმაურა. 

"100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება და ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს", - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის Facebook პოსტში.