თბილისში მოძრაობა შეიზღუდება - საპატრულო პოლიციის განცხადება

14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს:

,,13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ:

- ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით;

- დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აიკრძალება ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ;

- ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;

- მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ნაკადი მობრუნდება ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებს როგორც რესპუბლიკის მოედნის, ასევე, ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. თუმცა, ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით;

- ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე - შოთა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტომანქანებს მოძრაობა თავისუფლად შეეძლებათ", - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისში, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციაა.