ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სასტუმროს ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. 

შეგახსენებთ, რომ 30 წლამდე ქალი, რომელიც სასტუმროში მუშაობს, იტალიიდან 21 დღის წინ დაბრუნდა. ტემპერატურის მატება კი გუშინ აღენიშნა, რის გამოც კლინიკას მიმართა.

აღებული იქნა ნიმუშები ანალიზისთვის, რომლის პასუხებიც ახლახანს გახდა ცნობილი. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას Rooms Hotel Kokhta-ს თანამშრომლის შესახებ და გაცნობოთ, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ჩვენი თანამშრომელი 17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან. ამ პერიოდში, საკარანტინო ზომების მიღების შესახებ რეკომენდაცია ჯერ არ იყო გაცემული.

21 დღის განმავლობაში მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. გუშინ საღამოს დაეწყო ტემპერატურის მატება, რის შემდეგაც მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საკუთარი სურვილით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა კორონავირუსი არ გამოავლინა.

„აჭარა ჯგუფი“ იაზრებს პასუხისმგელობას საკუთარი სტუმრების თუ თანამშრომლების წინაშე და ზედმიწევნით მიჰყვება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინსტრუქციებს,"-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც report.ge-ს სასტუმროს ადმინისტრაციამ მოაწოდა.