ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ - თბილისსა და რეგიონებში სოლიდარობის აქციები იმართება - PHOTO

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს - ამ მოთხოვნით, დეფაქტო ცხინვალის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა "თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს. ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება გააპროტესტეს და ექიმს სოლიდარობა გამოუცხადეს რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხაშურში, თელავში, ზუგდიდში, ახალციხესა და სხვა ქალაქებში. „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.  

აქციის მონაწილეების თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანოდ არის დაკავებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 

გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისშიც, სადაც  „თეთრხალათიანთა“ მდუმარე აქცია გაიმართა. კლინიკა „მედი ქლაბ ჯორჯიაში“ დაწყებულ პროტესტს, სადაც დეფაქტო ცხინვალის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თბილისის 60-ზე მეტი კლინიკა, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკები შეუერთდენენ. 

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. ის ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

საქმე ახალგორის ე.წ. -მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთა ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

გუშინ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.