ეზუგბაია: ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

"კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის",-ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამჟამად, კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"დილის შემდგომ ვითარება არ შეცვლილა. ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან, ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ძალიან მძიმე პნევმონიით. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა, ამჟამად არსებული მონაცემებით, მძიმე არ არის",-აცხადებს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ახალი პაციენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 91 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 717 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268.