გამომძიებელი: დღე და ღამე იქ ვარ, ყველაფერს ვაკეთებთ

ვაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე ვაშუქებთ, - ამის შესახებ გაუჩინარებული 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და მეზობლების მიერ გამართულ აქციაზე მისულმა  საქმის გამომძიებელმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება.

"იქ ვარ დღე და ღამე, თქვენს მეუღლესთან მაქვს კავშირი. ყველგან შევედით, იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ვაშუქებთ. ათასი ოპერატიული- საგამოძიებო მოქმედება ტარდება. დრონები მუშაობს. ხვალ დილიდან უნდა ჩაერთოს ვერტმფრენიც. თქვენს მეუღლეს ყოველწუთიერად ვაყენებთ საქმის კურსში. მოწოდებული ვართ მოკლე დროში ვიპოვოთ ბავშვი. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ჩვენც მოგვაწოდეთ", - განაცხადა გამომძიებელმა.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუჩინარებულ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს დრონებითაც.

ახალგაზრდა ქალი 4 დღის წინ, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მის შემდეგ არავის უნახავს.

როგორც შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.