კალაძე: ყველაზე მეტი "ტროლი" და "ბოტი" არის "ნაციონალური მოძრაობა"

ყველაზე მეტი „ტროლი“ და „ბოტი“ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძე ამით „ფეისბუკის“ მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას გამოეხმაურა.

„რისი გამოძიება უნდა დაიწყოს. „ფეისბუკი“ არის თავისუფალი სივრცე, ცენზურას ვუწესებთ „ფეისბუკს“? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება ამ თუ იმ თუ ფორმით. „ფეისბუკი“ არის თავისუფალი სივრცე და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს მას,“ - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ facebook-მა ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა, რომელიც კომპანიის განცხადებით "ქართული ოცნების" მთავრობასთან იყო დაკავშირებული.