კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარული წყლის გამაცხელებელი იყო აღმოჩენილი

გურამიშვილის გამზირზე აფეთქება, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. ამის შესახებ „თბილის ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა . მისი თქმით არსებობს ცნობა, რომელიც ადასტურებს რომ კომპანიის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ბინაში "სიცოცხლისათვის საშიში" დანადგარი აღმოაჩინა, რომელიც ჩაიხსნა ქსელიდან. მის მფლობელს კი შესაბამისი გაფრთხილება გადაეცა. 

როგორც "თბილის ენერჯის" წარმომადგენელმა განაცხადა, კანონდამრღვევი პირი გამნეორებითი შემოწმებისათვის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს აღარ უშვებდა და ამბობდა, რომ ადგილზე აღარ ცხოვრობდა. 

მიქიაშვილის განცხადებით, ამ გამაცხელებლის მეორედ დამონტაჟება კატეგორიულად აკრძალული იყო.  აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.