მაინტერესებს რატომ აფარებენ ჩემი შვილის მკვლელს ხელს - ბაჩალიაშვილის მამა

მოვითხოვ ხელახლა გამოძიების დაწყებას და საქმის მასალების გადმოცემას. ყველა ფაქტი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ზევიდან ვიღაცას ხელს აფარებენ, - ამის შესახებ გარდაცვილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აინტერესებს ვინ მოკლა მისი შვილი და რატომ აფარებენ ხელს მკვლელს.  

"თვითონ ვერ იძიებენ და ჩვენ ამას გამოვიძიებთ. იქ ძალიან ბევრი დეტალებია და ხელს აფარებენ, მე მაინტერესებს რატომ მოკლეს ჩემი შვილი და რატომ აფარებენ ხელს. ყველა ფაქტი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ზევიდან ვიღაცას ხელს აფარებენ და ვიღაცის დავალებას ასრულებენ. მე მოვითხოვ ხელახლა გამოძიების დაწყებას და საქმის მასალების გადმოცემას. მე არ გავჩერდები", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

15 დეკემბერს, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.