"მეხსიერებიდან არ ამომდის ის, რაც ვნახე..." - თათია შარანგიას ემოციური პოსტი

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

შარანგია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

"ეს ბიჭი იმ ოქროს თაობის წარმომადგენელია, რომლითაც უნდა ვიამაყოთ მომავალში და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ბიჭი მიაღწევდა ისეთ წარმატებებს რომელსაც ასე შევნატრით ქართველები და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ბიჭი იყო თავის დედის უსაყვარლესი შვილი და ის მას გამოაცალეს, გამოგლიჯეს და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ბიჭი - არასდროს - არავის - არაფერს უშავებდა და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ ბიჭმა ბევრი რამ მოასწრო თავის ახალგაზრდა ასაკში ქვეყნის საკეთილდღეოდ მაგრამ ბევრად მეტი წინ უნდა ყოფილიყო და ის, აი ასე, უბრალოდ, დღისით, ვერაზე, უმოწყალოდ - სიცოცხლეს გამოასალმეს...

ეს ნიკო კვარაცხელიაა, სწორად აღზრდილი შვილი. ღირსეული მეგობარი და კარგი მოქალაქე... ის აღარ გვყავს. მშობლებო, გავუზარდოთ შვილებს ემპათიის გრძნობა. არ გაგვეპაროს შეცდომები. ურჩხულად ხომ არავინ იბადება? ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას... ვერ ვუყურებ კადრებს და მეხსიერებიდან არ ამომდის ის რაც ვნახე... გისამძიმრებთ ქართველებო. დღეს ძალიან მაგარი ქართველი დავკარგეთ", - წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი, მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას.