საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

საქართველოს საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

,,დღეს, საქართველოს საპატრიარქოში გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

გარდაცვლილის მშობლები საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა.

შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ, იქ მყოფ სასულიერო პირებთან ერთად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.