აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ report.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

ექიმის განცხადებით, 77 წლის კაცს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.

,,სხეულის ზედა ნაწილი მთლიანად აქვს დამწვარი, თავი, გულ-მკერდი და ზედა კიდურები. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება. მისი მდგომარეობა მძიმეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა",- აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აფეთქება 28 ოქტომბერს მოხდა, რის გამოც საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართული ჩამოინგრა..

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.