სუს-ი დე ფაქტო რეჟიმის მიერ 96 წლის კაცის დაკავებას არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო რეჟიმის მიერ 96 წლის კაცის დაკავებას არ ადასტურებს. როგორც სუს-დან report.ge-ს აცნობეს, აღნიშნული პირი საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა ის დაკავებული არ არის. 

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება,"-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის, დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის კაცი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული გორა ღარიბაშვილი დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.