მარნეულში დაინფიცირებული 62 წლის ქალი კლინიკიდან გაწერეს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი გაწერეს. 

სრულად გამოჯანმრთელდა 62 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, უმძიმესი იყო. მასთან ერთად კლინიკიდან, ასევე, გამოჯანმრთელებული მისი ოჯახის წევრიც გაწერეს. 

,,დღეს გავწერეთ მარნეულიდან ჩამოყვანილი ორი პაციენტი, ერთი ის 62 წლის ქალი, რომელიც მთელი საქართველოსთვის ცნობილია, ნამდვილად იყო უმძიმესი, კრიტიკული, მაგრამ ის დღეს არის აბსოლუტურად ჯანმრთელი კორონავირუსისაგან", - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. 

მიზეზი კი, მარნეულში კორონავირუსის დადასტურება იყო. COVID-19-ით ინფიცირებულ 62 წლის ქალს 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4908 ადამიანია,

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.