ცნობილი ხდება კიდევ 2 ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეები დასაქმებას შეძლებენ

საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სიმონიშვილი ლეგალური დასაქმების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

როგორც ის ასოციაციის გვერდზე წერს, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში – ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ.

“გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქქების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან 1 ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.

გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს კიდევ რამოდენიმე ევროპის წევრი ქვეყნები დაემატებიან სულ მალე. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება დეტალები ცნობილი" - წერს სიმონიშვილი. 

ცნობისთვის, საფრანგეთსა და საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა და ახლა მხარეები მის აღსრულებისთვის მუშაობენ. იქმნება საპილოტე პროგრამები. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები სამ ქვეყანასთან მიმდინარეობს და მათ შორის ერთ-ერთი საფრანგეთია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში რეგისტრაცია 15 თებერვალს, დაიწყო.  24 საათში „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ უკვე 53 274 პირი იყო დარეგისტრირებული.