2021 წელს მსოფლიოში 55 ჟურნალისტი მოკლეს

2021 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 55 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ UNESCO-ს ანგარიშშია აღნიშნული. 

„2021 წელს სიმართლის თქმა ძალიან ბევრ ჟურნალისტს ძვირი დაუჯდა",  -  განაცხადა UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, პანდემიისა და ეკონომიკური არეულობის პერიოდში, მსოფლიოს უფრო მეტად სჭირდება დამოუკიდებელი და ჭეშმარიტი ინფორმაცია, ვიდრე ოდესმე. UNESCO-ს ხელმძღვანელმა მოუწოდა, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა შიშისგან თავისუფალ ატმოსფეროში იმუშაონ.

ჟურნალისტების უმეტესობა 2021 წელს დაიღუპა ორ რეგიონში - აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც 23 ჟურნალისტი დაიღუპა და ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში - 14.

UNESCO-ს მონაცემებით, 2006 წლიდან დღემდე, ჟურნალისტების მკვლელობების 87 პროცენტი გაუხსნელი რჩება.

ამასთან, UNESCO-მ "TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.