აშშ-ში მომავალ სამ თვეში COVID-19-ზე 100 მილიონ ადამიანს აცრიან

2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ახალი ტიპის კორონავირუსზე 100 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს. ამის შესახებ იმუნოლოგმა მონსეფ სლაუიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

სლაუიმ განმარტა, რომ ამას გარდა, აშშ-ის ხელისუფლება ვაქცინაციისათვის 40 მილიონ დოზას დეკემბერში, ხოლო 50-80 მილიონ დოზას იანვარში გამოიყენებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციით დადასტურებულმა შემთხვევებმა 16 მილიონს გადააჭარბა. დაავადებას სულ 297 501 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ან ლიცენზირებული არ არის, თუმცა, 12 დეკემბერს ადმინისტრაციამ 16 წელს მიღწეულ პირებში მისი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ნებართვა გასცა.