ავღანეთის პრეზიდენტმა უშიშროების ძალებს ტერორისტებზე შეტევისკენ მოუწოდა

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ტერორისტებზე შეტევისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Tolo News ავრცელებს.

"ქვეყნის უშიშროების ძალები აქტიური თავდაცვის რეჟიმიდან, ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ შეტევით ოპერაციებზე გადავიდნენ", - განაცხადა აშრაფ ღანიმ..

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" უარყოფს ავღანეთის ხელისუფლების განმეორებით მოწოდებებს ძალადობის შემცირებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამასთანავე, პრეზიდენტმა კვლავ მიმართა რადიკალურ მოძრაობებს, მიიღონ წინადადება ქვეყანაში მშვიდობის აღდგენის შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს ავღანეთის დედაქალაქში, საავადმყოფოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა, ამის შემდეგ შენობაში შეიარაღებული პირები შევარდნენ. ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 15 ადამიანი. ამის შესახებ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ახალშობილია.

ამასთან, დღეს დილით, ნანგარჰარის პროვინციის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის დაკრძალვაზე აფეთქება მოხდა. 15 ადამიანი გარდაიცვალა, 56 დაშავდა.