ერევანი-სტამბოლი-ერევნის ფრენების ნებართვა ორმა ავიაკომპანიამ მიიღო

ორმა ავიაკომპანიამ - FlyOne Armenia-მ და Pegasus Airlines-მა - სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან ერევანი-სტამბოლი-ერევნის ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ამასთან, Flyone Armenia-ს დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, არამ ანანიანმა განაცხადა, რომ ისინი ახლა ელიან ნებართვას თურქეთის საავიაციო ხელისუფლებისგან. 

31 დეკემბერს სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანია Flyone Armenia-ს ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების განხორციელების უფლება მისცა.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესახებ თურქული და სომხური ავიახაზების განცხადებას განიხილავს. მანამდე ანკარამ და ერევანმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განაცხადეს.