ფხენიანმა სამხრეთ კორეასთან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეაში ოფისი ააფეთქეს, რომელიც სამხრეთ კორეასთან კავშირს უზრუნველყოფდა. ორ კორეას შორის სამეკავშირეო ოფისი ქალაქ კესონში მდებარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ბოლო დღეებში ფხენიანი სეულს, 2018 წელს შექმნილი სამეკავშირეო ოფისის განადგურებით, არა ერთხელ დაემუქრა.

ასევე, ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბი არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზირებულ ზონაში ჯარებს შეიყვანს.

ორ კორეას შორის კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩრდილოეთ კორეაში ანტისამთავრობო პროპაგანდის შემცველი ფურცლები გავრცელდა. ჩრდილოეთ კორეა ამაში სამხრეთ კორეას ადანაშაულებს.