გენერალ სულეიმანის აფეთქება ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს - VIDEO

სოციალურ ქსელებში ბაღდადის აეროპორტში ამერიკული ავიაციის დარტყმის ვიდეო ვრცელდება, რომლის დროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი, ქასემ სულეიმანი გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, ორ მანქანას, რომლიდანაც ერთ-ერთში სულეიმანი იჯდა, 4 რაკეტა ჩამოაგდეს. გენერლის გარდა 10 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ქასემ სულეიმანი მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს.

აშშ-ს ავიადარტყმები ერაყის გარდამავალი მთავრობის ლიდერმა, ადილ აბდულ-მადიმ, დაგმო. მან აღნიშნა, რომ ეს ქმედებები რეგიონში სიტუაციის ესკალაციას უწყობს ხელს და ერაყში ამერიკული ჯარების ყოფნის პირობების დარღვევას წარმოადგენს.

"ერაყსა და სხვა მეგობარი ქვეყნების მეთაურების ლიკვიდაციის მსგავსი ოპერაციები ერაყის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა", - განაცხადა მადიმ.

განცხადება გაავრცელა რადიკალმა შიიტმა მქადაგებელმა მუკტადა ას-სადრიმაც, რომელიც თანამოაზრეებს ერაყის დაცვისკენ მოუწიდებს.

"მე, როგორც ერაყის ეროვნულ წინააღმდეგობაზე პასუხისმგებელი პირი, ყველა მებრძოლს, მათ შორის "იმამ მაჰდის არმიას მოვუწოდებ, ერაყის დასაცავად მზად იყვნენ", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადება გააკეთა ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლას" გენერალურმა მდივანმა ჰასან ნასრალამ.

"ჩვენ, ვინც მის შემდეგ დავრჩით, მისი გზის გაგრძელებას ვგეგმავთ და მისი მიზნების მისაღწევად დღე და ღამე ვიშრომებთ", - განაცხადა ნასრალამ.

ერაყელი შიიტების სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი სისტანი კი ერაყელებს ადეკვატური საქციელისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბაღდადის აეროპორტთან მომხდარი ავიათავდასხმა "ვერაგული აგრესია და ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა".