იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი "ჰაგიბისი" უახლოვდება

სტიქია კუნძულებისკენ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიიწევს და ტოკიოსა და მის შემოგარენს სავარაუდოდ შაბათისთვის დაატყდება თავს. სინოპტიკოსების პროგნოზით, „ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.

ქარის სიჩქარე წამში 50-დან 70 მეტრამდე აღწევს. 

მეტეოროლოგები ამბობენ, რომ სტიქია ძალიან ჰგავს 1958 წლის ტაიფუნ „იდას“, რომელმაც 1269 ადამიანი იმსხვერპლა. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მიღება დაავალა. ავიაკომპანიებმა 800-ზე მეტი რეისი გააუქმეს. მიმოსვლას აჩერებენ სარკინიგზო და საზღვაო კომპანიებიც.

შაბათ-კვირას შეწყდება სასწავლო პროცესი.

მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იაპონიაში საქართველოს საელჩომაც.

ტაიფუნის გამო იაპონიაში მსოფლიო თასის ორი მატჩი გადაიდო.