იტალია სხვა ქვეყნებს ვაქცინების 45 მლნ დოზას შესწირავს

იტალია სხვა ქვეყნებს წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 45 მილიონ დოზას გადასცემს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის თქმით, ეს მთავრობის დაპირებას - 15 მილიონ დოზას - სამჯერ აღემატება.

"ამ 15 მილიონიდან ნახევარი უკვე მიწოდებულია და დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ ძალისხმევას ვასამმაგებთ. ჩვენ წლის ბოლომდე კიდევ 30 მილიონ დამატებით დოზას შევწირავთ, რათა 45 მილიონს მივაღწიოთ", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, უახლოეს მომავალში თეთრი სახლის ხელმძღვანელი ჯო ბაიდენი გამოაცხადებს, რომ აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით ნახევარ მილიარდ დოზას მიაწვდის ქვეყნებს, რომლებსაც ეს სჭირდება.