როგორია COVID-19-ის ფრანგული შტამის გავრცელება - ჯანმო-ს განმარტება

კორონავირუსის საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი - B.1.640 ვარიანტი, ამ დროისათვის ფართოდ გავრცელებული არ არის. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა. 

ჯანმო-ს ცნობით,  ვირუსის ეს ვარიანტი 2021 წლის სექტემბერში რიგ ქვეყანაში დაფიქსირდა, ნოემბერში კი ორგანიზაციის ექსპერტებმა მას „დაკვირვების ქვეშ მყოფი ვარიანტის“ სტატუსი მიანიჭეს. 

საფრანგეთში, B.1.640 შტამი ინფიცირების ახალი შემთხვევების 1 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია მისი თვალყურის დევნება, განსაკუთრებით მუტაციების რაოდენობის გათვალისწინებით, მაგრამ ამ დროისთვის ის ფართოდ არ ვრცელდება“, - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

საფრანგეთის ქალაქ მარსელში მედიკოსებმა COVID-19-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. პაციენტები ქვეყანაში კამერუნიდან დაბრუნდნენ. ამ შტამის საფრთხისა და ინფიცირების დონე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას 46 მუტაცია აქვს.