სომხეთიდან თურქეთში პირველი ავიარეისის თარიღია ცნობილი

სომხურმა ავიაკომპანიამ Flyone Armenia-მა თურქეთის ხელისუფლებისგან სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღო.

ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, არამ ანანიანმა განაცხადა.

მისი თქმით, Flyone Armenia-ს პირველი რეისი ერევანი-სტამბოლი-ერევანი 2 თებერვალს იგეგმება.

ცნობისთვის, ორმა ავიაკომპანიამ - FlyOne Armenia-მ და Pegasus Airlines-მა - სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან ერევანი-სტამბოლი-ერევნის ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღო. 

31 დეკემბერს სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანია Flyone Armenia-ს ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების განხორციელების უფლება მისცა.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესახებ თურქული და სომხური ავიახაზების განცხადებას განიხილავს. მანამდე ანკარამ და ერევანმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განაცხადეს.