ცნობილია, როდის მოწამლეს ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ე.წ. "ნოვიჩოკიან" ბოთლზე საუბრობს.

მისი თქმით, ეს ბოთლი ტომსკის სასტუმროს ნომრიდანაა, სადაც თავად ნავალნი და მისი გადამღები ჯგუფი ჩერდებოდნენ.

როდესაც ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა, მისი ჯგუფის ტომსკში დარჩენილმა ნაწილმა სასწრაფოდ ადვოკატი გამოიძახა და ნომერში ავიდა.

"დაიწყეს ფიქსირება, აღწერა და შეფუთვა ყველაფრის, რაც იქ იპოვეს. მათ შორის ბოთლების სასტუმროს წყლით",- აღნიშნულია პოსტში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ ბოთლზე იპოვა გერმანულმა ლაბორატორიამ "ნოვიჩოკის" კვალი.

"შემდეგ კიდევ სამმა ლაბორატორიამ, რომლებმაც ალექსეისგან ანალიზები აიღო, დაადასტურა, რომ ნავალნი სწორედ ამით იყო მოწამლული. ახლა ჩვენ ვხვდებით: ეს იქამდე იყო გაკეთებული, სანამ ის თავის ნომერს დატოვებდა, რათა აეროპორტში გამგზავრებულიყო", - აღნიშნულია პოსტში.

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.