ფრინველის ხორცის მარკეტინგულ-ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის

20 ოქტომბრიდან ძალაში შედის ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, წყლის საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.

იმპორტიროებისთვის ამ მოთხოვნის დაკმაყოფულება პრობლემაა, რადგან, მათივე მტკიცებით, უმეტესობას ასეთი სერტიფიკატის წარმოდგენა გაუჭირდება. მათი თქმით, თუ ეს წესი დაკანონდება იმპორტი შემცირდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე ქათმის ხორცს დეფიციტურს გახდის და გააძვირებს. იმპორტიორები ამ კანონის მინიმუმ ახალ წლამდე გადავადებას ითხოვენ.

ცნობისთვის, ახალი მოთხოვნები ფრინველის ხორცის იმპორტიორებისთვის თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, რეგულაციების ძალაში შესვლა მთავრობამ 20 ოქტომბრამდე გადააავადა. მიზეზად მთავრობამ კოვიდ-19 და ფრინველის ხორცის დეფიციტის თავიდან აცილება დაასახელა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაყინული ხორცის შემოტანაზე დროებით შეჩერებული რეგულაციების გადავადებას აღარ გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, დადგენილება ფრინველის ხორცის იმპორტიორებთან და ადგილობრივ მწარმოებლებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა.