გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, გიდების დასახმარებლად მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პაკეტს ამუშავებს.

მინისტრის თქმით, ეს არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და სპეციფიკური ჯგუფი ადამიანების, სპეციალისტებისა, მიკრომეწარმეებისა, ვინც ასევე საკმაოდ დიდ პროდუქტს ქმნიდა ტურისტულ ინდუსტრიაში.

„მათთან გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია და ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც პირველ რიგში იქნება იქითკენ მიმართული, რომ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, იმიტომ, რომ ეს პრობლემაც დაგვიდგა. ასევე, მოხდეს მათ შორის ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვაც. ეს გიდებიდან წარმოსული მოთხოვნაა, რომელსაც ხელს შევუწყობთ. ჩვენ დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ გიდების დასაქმების პროგრამას. ეს დასაქმების პროგრამა შესთავაზებს მათ გარკვეულ ალტერნატიულ შესაძლებლობებს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება განვითარების და ძველი ნიშნულის აღდგენის პროცესში. ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჰქონდეთ უფასო ვიზიტები მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და სხვადასხვა ობიექტებში,"- განაცხადა თურნავამ.

საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

როგორც დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

მთავრობის მეთაურის თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი.

გახარიას ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

დღესვე ცნობუილი გახდა, რომ გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება.

ტურიზმის გახსნის პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის მთავრობას 60 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურინდუსტრიის კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, სარესტორნე ბიზნესის ახალ სესხებს მთავრობა 90%-ით თანაუზრუნველყოფს, ხოლო უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

მთავრობა სესხებს უსუბსიდირებს სასტუმროების ნაწილსაც.კერძოდ, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებათ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

ცნობისთვის, 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერის გეგმა გასაჯაროვდება. ესაა: ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება.