მეუფე დანიელი: დადგება ჟამი, როდესაც ჩვენ ვიზეიმებთ ჯვართამაღლებას სოხუმში

"დადგება ჟამი, როდესაც ჩვენ ვიზეიმებთ ჯვართამაღლებას სოხუმში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ტაო-კლარჯეთში და ეს იქნება აღდგომა ღვთისმშობლის წილხვედრი ეკლესიისა და ღვთისმშობლის წილხვედრი ერისა", - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სოხუმის ტრაგედია ჯვართამაღლებას მოხდა. 

"ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვითარცა ქრისტეს ეკლესიამ მიუხედავად ტანჯვისა, მიუხედავად დევნისა, უსამართლობისა, შეინარჩუნა მტკიცე სარწმუნოება, გაუძლო ყველაფერს და იზეიმა აღდგომა. ასევე, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყველა ის ტერიტორია, რომელიც ჩვენს ერს ჟამთა სვლის გამო დაკარგული აქვს, აღდგება ჩვენი მტკიცე ჭეშმარიტი სარწმუნოებით. ამიტომ, დღეს ქართველი ერი ითმენს ამ უსამართლობას, მაგრამ ღრმად სწამს, როგორც ჯვარი, რომელმაც განიცადა უდიდესი შეურაცხყოფა, მიწაში 3 საუკუნე დაფვლა, ქრისტიანულმა ეკლესიამ განიცადა უსამართლობა, დევნა, შევიწროება, ასევე ჩვენი მოსახლეობა, მიუხედავად ამ დიდი განსაცდელისა, არ კარგავს რწმენას, რომ უფალი შეიწირავს ჩვენს სარწმუნოებას და კვლავ აღადგენს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს დევნილ მოსახლეობას დააბრუნებს თავიანთ სახლებში", - განაცხადა მეუფე დანიელმა.