მთავრობა დღეიდან ბიზნესის შემოწმებას იწყებს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ბიზნესის შემოწმების მიზანი არ არის დასჯა. ის არის ვირუსი პრევენცია და მოქალაქეების ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.

ჩვენი მიზანი არ არის დასჯა, თუმცა ჯარიმები და საქმიანობის შეჩერებაც არის გათვალისწინებული დღევანდელი კანონმდებლობით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შემოწმებისას რამე გამორჩება, დასაქმებულები შეძლებენ ცხელ ხაზზე დარეკონ და დარღვევების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდონ.

„ახლა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გვაქვს ნებადართული საქმიანობები და რიგი ბიზნესების საქმიანობა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე არ დავრწმუნდებით იმაში, რომ უსაფრთთხოების ნორმები აქვთ დაცული. ძალიან ოპერატიულად განვათავსეთ ჩვენ აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე, ბიზნესის საქმიანობის გასამარტივებლად. ბიზნესი ძალიან აქტიურობს, რადგან უნდათ, რომ დროულად დაუბრუნდნენ საქმიანობის ჩვეულ რიტმს, მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა. ასობით აპლიკაცია არის შემოსული. დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შესული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროში შემავალი ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე, მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები. პირველ რიგში, ვიწყებთ იმ საწარმოების შემოწმებას, რომლებსაც მიეცათ ფუნქციონირების უფლება. ეს მათ აკისრებთ დიდ პასუხისმგებლობას და დავიწყებთ დიდი საწარმოების შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული. ეს პროცესი ინტენციურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ დღეში 50-მდე საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას შევძლებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით შეჩერებულები არიან და მუშაობის განახლება სურთ, სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ.