პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დეტალებს გაეცნო

პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე დეპუტატებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას გააცნო. 

„ზოგადი შეფასებით, ბიუჯეტის მოცულობები პირველ კვარტალში სრულად არის შესრულებული, რაც გულისხმობს იმას, რომ გადასახადების ჭრილში რაც იყო დაგეგმილი, ბიუჯეტში შესული. ეს გვაძლევს იმის მოლოდინის უფლებას, რომ დაგეგმილი ბიუჯეტი და ეკონომიკური ზრდა იქნება ადეკვატური, რა პროგნოზებიც გაკეთდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება, ხარჯვითი ნაწილიც რომ განხორციელდეს”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 18.38 მილიარდი ლარია, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა კი 20.72 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტი ეკონომიკის 4,3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით, საქართველოს ხაზინაში 527.7 მლრდ ლარის დეფიციტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 3,010 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 3,102 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ხდება. ბიუჯეტის დეფიციტის ეს მაჩვენებელი რეკორდულია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ბიუჯეტი შეიძლება დაკორექტირდეს.  მასში, სავარაუდოდ, აისახება 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლება. ეს შეღავათი ბიზნესისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში მოქმედებდა და ის მიმდინარე თვეში იწურება. ფინანსთა მინისტრის თქმით, მაისის ბოლოს მთავრობა იმსჯელებს, გაგრძელდება თუ არა წლის ბოლომდე ეს შეღავათი.